პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზურაბ მახარაძე იქნება

პუბლიკა

პარტიამ „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (ალტ-ინფო) თბილისის მერობის კანდიდატად, ზურაბ მახარაძე წარადგინა.

„ჩვენ გვინდა „ნაცების“ და „ქოცების“ ვითომ კონფლიქტის მაგივრად რეალურ პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ. შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა. ჩვენ გვინდა, იმ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რომლებიც მართლა აწუხებს ხალხს. როგორიცაა: მასობრივი მიგრაცია, კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება.

ჩვენ გვინდა ისეთი წესები, კანონები და დადგენილებები შევიტანოთ საკრებულოებში და მერიებში, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მრავალშვილიან ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცემათ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების პროგრამა შეიქმნას.

ჩვენ გვინდა გავწეროთ, რომ ნებისმიერი მუნიციპალური სამუშაო ან ტენდერი უნდა შესრულდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და ადგილობრივების დასაქმება წავახალისოთ. ჩვენ გვინდა საქართველოს მოქალაქეების განათლების პროგრამა შევქმნათ. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა და თბილისი მერობის კანდიდატი, მე ვიქნები“,- ამბობს ზურაბ მახარაძე პარტიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პირველი ოთხეული ასეთი იქნება: გიორგი ქარდავა, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და ირაკლი მორგოშია.

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ცნობილია, რომ არჩევნებში 17 პარტია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა „ლელო-ძლიერი საქართველო” და „გახარია საქართველოსთვის”, თუმცა მათ ჯერ მერობის კანდიდატი არ დაუსახელებიათ.

8 პროდასავლური ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს თვითმმართველობის არჩევნებს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად ზედიზედ მესამედ კახა კალაძე წარადგინა.