გასული წლის დეკემბერში საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი 8 თვის შემდეგ დაზარალებულად ცნეს.
ამის შესახებ ინფორმაცია მან მედიას დღეს დაუდასტურა.
როგორც მაისაშვილმა „რადიო თავისუფლებას“უთხრა, დაზარალებულის სტატუსი რამდენიმე დღის წინ მიიღო.
ცემის ფაქტს 2 დეკემბერს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მაისასვილი ასე აღწერდა:
„კადრებში სრულად არ ჩანს ყველაფერი რა მოხდა, კადრებში რაც ჩანს არის ბოლო ნაწილი მხოლოდ, როცა უკვე ჩემ ცემას მორჩნენ. თავიდან დასაწყისში, ის რაც კადრებში არ ჩანს იყო, რომ ზემოთა ქუჩიდან ჩამოვიდნენ ძალიან ბევრი პოლიცია უცბად ჩამოვარდა, რაც მოხდა წამებში, გაიქცნენ რუსთაველის მეტროს მხარეს, მე და ჩემი ძმა ერთად ვიდექით, უკვე გზა აღარ გვქონდა, რომ რუსთაველის მხარეს წავსულიყავით.
ისეთი ადგილი იყო სადაც აქციის ეპიცენტრი არ იყო, ხალხი იყო რომელიც უბრალოდ მოდიოდა აქციიდან და სახლისკენ მიდიოდა ნელ-ნელა, მაგ ადგილზე მოხდა ეს. […] ვეღარ გავიქეცით რუსთაველის მხარეს, ისევ აქციის მხარეს გადავწყვიტეთ წასვლა მე და ჩემმა ძმამ, რა დროსაც კუთხეში პოლიციელმა დამარტყა, დამაგდო ძირს, მერე წამებში გარშემო ყველა მხრიდან, არ ვიცი რამდენი პოლიციელი, მაგრამ ყველა მხრიდან მირტყამდნენ.
მაგ დროს მაგრად გავითიშე, კადრებში რაც ჩანდა ძლივს რომ ვდგები და ქუსლს რომ მირტყამენ და მერე წიხლს რომ მირტყამენ, ეგ მომენტი საერთოდ არ მახსოვს, მაგ მომენტში უკვე გათიშული ვიყავი. იმ დონეზე გათიშული ვიყავი უკვე მაგ დროსაც რომ ეგეც აღარ მახსოვს, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს ეგეთი რაღაც ექნათ ჩემთვის. […] იმ კადრებში სადაც მე ვჩანვარ, ჩემ წინ ჩემ ძმას მიათრევენ, თვალი აქვს ჩალურჯებული, ქუთაისში ჰყავთ ახლა გადაყვანილი, 6 დღით მიუსაჯეს პატიმრობა, 2 დღე უკვე გასულია“, – ყვება მაისაშვილი.