იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეები პალესტინურ სოფლებს თავს დაესხნენ

პუბლიკა

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეები პალესტინურ სოფლებს თავს დაესხნენ იმ ფონზე, რომ ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეების გაფართოების გეგმა დაამტკიცა.

The Times of Israel-ის თანახმად, თავდასხმის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი. ახალმოსახლეები თავს დაესხნენ პალესტინურ სოფელ სუსიას.

თავდასხმა მოხდა სოფელ ატარაშიც, რომელიც ასევე ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და პალესტინელების მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. დაშავებულების ან დაკავებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ისრაელის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა გუშინ, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროზე 3 400 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. გეგმა საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ისრაელის სახელმწიფო მას დაამტკიცებს.

სმოტრიჩმა თავად თქვა, რომ ეს დაასამარებს პალესტინის სახელმწიფოს იდეას, „რადგან იქ არავინ და არაფერია ასაღიარებელი”.

დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეების დასახლებების გაფართოება და შესაბამისად, ადგილობრივი პალესტინელების შევიწროება ისრაელმა მას შემდეგ დააანონსა, რაც ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, კანადამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ ღაზაში იმ ჰუმანიტარული კრიზისის გამო, რომელსაც ისრაელი ქმნის.

მინისტრი სმოტრიჩი ამბობს, რომ „ყველა, ვინც ცდილობს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, მათგან პასუხს ადგილზე მიიღებს”.

„არა დოკუმენტებით, არა დეკლარაციებით, არამედ ფაქტებით”. – ამბობს ის.

ისრაელის ეს გადაწყვეტილება მაშინვე დაგმო ევროკავშირმა. მათ შორის, განცხადება გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.

„ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დასავლეთ სანაპიროზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გეგმის წინ წაწევის შესახებ, კიდევ უფრო უთხრის ძირს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას და, ამავდროულად, საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, შეაჩეროს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა”. – თქვა კაია კალასმა.

ჯგუფი „მშვიდობა ახლა”, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეობას ეწინააღმდეგება, აცხადებს, რომ დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში 700 000 ახალმოსახლე ცხოვრობს. ეს ის მიწაა, რომელსაც პალესტინელები მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ითხოვენ.