ისრაელმა დაამტკიცა დასავლეთ სანაპიროზე 400 საცხოვრებელი კომპლექსის აშენების გეგმა 

პუბლიკა

დღეს, 20 აგვისტოს ისრაელმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 400 საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გულისხმობს.

ახალმოსახლეობის კომპლექსი აღმოსავლეთ იერუსალიმის ღია მიწაზე 20 წელია, განიხილება. თუმცა, მის აშენებას ისრაელი აშშ-ის წინა ადმინისტრაციების მხრიდან ზეწოლის გამო ვერ ახერხებდა.

საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნულ მშენებლობას არალეგალურად და მშვიდობისთვის დაბრკოლებად მიიჩნევს.

ისრაელის ფინანსთა ულტრამემარჯვენე მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა 14 აგვისტოს თქვა, რომ „ეს დაასამარებს პალესტინის სახელმწიფოს იდეას, „რადგან იქ არავინ და არაფერია ასაღიარებელი”.

დღეს, 20 აგვისტოს მან განაცხადა:

„პალესტინური სახელმწიფო მოლაპარაკებათა მაგიდიდან არა სლონაგებით, არამედ ქმედებებით წაიშლება. ყოველი ახალი დასახლება, ყოველი უბანი, ყოველი საცხოვრებელი კომპლექსი მორიგი ლურსმანია ამ საშიში იდეის კუბოში”.

დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეების დასახლებების გაფართოება და შესაბამისად, ადგილობრივი პალესტინელების შევიწროება ისრაელმა მას შემდეგ დააანონსა, რაც ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, კანადამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ ღაზაში იმ ჰუმანიტარული კრიზისის გამო, რომელსაც ისრაელი ქმნის.

გარდა ამისა, გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში მორიგ შეტევას „მალე დაიწყებს და მალევე დაასრულებს”. ნეთანიაჰუს მტკიცებით, ამას ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის” გასანადგურებლად აკეთებს.

დღეს Times of Israel წერს, რომ ღაზაში, ქალაქ ღაზას აღების მიზნით 60 ათას რეზერვისტს გამოიძახებს. მათ ამის შესახებ 2 კვირით ადრე ეცნობებათ. ჯამში რეზერვისტების რიცხვი 130 ათასს მიაღწევს. ყველა მათგანი ქალაქ ღაზაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს – ისინი სხვაგან განლაგებულ სამხედროებს ჩაანაცვლებენ.

ამავე დროს, ისრაელის დედაქალაქ თელავივში პერიოდულად ტარდება მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ღაზაში ომის შეჩერების მოთხოვნით.