„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორი, საპატიმროში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი მისი ცემის საქმესთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ „როგორც ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი”. მის განცხადებას „ტვ პირველი” ავრცელებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 21 აგვისტოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ”.
„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საკანში „შეიყვანეს” მსჯავრდებული, რომელიც თავს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაესხა.
„ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულების სერიას და ამჯერად სურს თავისი ერთი სასტიკი სისტემური დანაშაული სხვა ფაბრიკაციით გადაფაროს. როგორც ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯერ პროკურატურამ შემიწყვიტა სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან და ადვოკატებთან, შემდეგ ადგილი ჰქონდა ციხის დირექტორისგან გაჟღერებულ ცნობილ მოთხოვნებს, ხოლო შემდეგ – მსჯავრდებული საკანში შემომიყვანეს, რომელიც შემოსვლისთანავე თავს დამესხა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმს სურს ჩემი ნაცნობები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, მოათავსონ საკანში ჩემთან და ამ მეთოდით გააგრძელონ ზეწოლა და კომუნიკაცია. მსგავს შემთხვევაში, ინფორმაციას მყისიერად გავასაჯაროვებ. ნებისმიერი კომუნიკაცია ჩემთან შეიძლება შედგეს მხოლოდ ჩემი ადვოკატების მეშვეობით”, – წერია ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 21 აგვისტოს გაავრცელა განცხადება 11 ივლისს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტთან დაკავშირებით. უწყება აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ”.
ასევე, უწყების თქმით, „გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც“.
პენიტენციურის განცხადებით, დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 11 ივლისს საღამოს 7 საათზე მასთან საკანში შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც ჯერ გინება დაუწყო, შემდეგ კი ჩხუბზე გადავიდა. როგორც ბაჩიაშვილი აღწერს თავდამსხმელმა შუშის ჭიქა გადაამსხვრია თავზე, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.
ბაჩიაშვილი ფიქრობს, რომ „ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო“, რადგან 8 ივლისს N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა“.