საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის შედეგების დამუშავების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
საქსტატის თანახმად, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი (3 მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს – ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
აღწერა საქსტატმა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
საქსტატი წერს, რომ მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 2024 წლის 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია.
უწყების თანახმად, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
საქსტატის განცხადებით, აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბერი – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI).
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავდა აგრეგირებულ ინფორმაციას მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ, რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში.
საქსტატი წერს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია, სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების საფუძველზე.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი.
წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი (3 მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს – ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში.