თბილისის საქალაქო სასმართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის პროცესი გაიმართა – საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. ბრალდებულებმა დღეს საბოლოო სიტყვები თქვეს.
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საბოლოო სიტყვაში ისაუბრა მის მიმართ წაყენებულ ბრალზე, გაიხსენა როგორ განვითარდა მოვლენები 2024 წლის 28 ნოემბრის აქციაზე.
„მოვესწრები იმ დროს, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდება! მაგრამ, იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და თქვენი ქვეყანაც.
ეს სიტყვები შეიძლება უბრალო კალმით უბრალო ფურცელზეა დაწერილი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ცხოვრებაში. მოგესალმებით ყველას. მე 20 წლის სტუდენტი, აფხაზეთიდან დევნილი, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ჯავახიშვილი ვარ.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ადვოკატებს, რომლებიც არამარტო ჩვენს უფლებებს იცავენ, არამედ ჩვენთად ერთად იბრძვიან სამართლისა და სამართლიანობისთვის. მადლობა ჩემს თითოეულ ოჯახის წევრს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით მარიას [შეყვარებული], რომელიც დაკავების დღიდან მუდამ გვერდში მიდგას, მამხნევებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის გვერდზე ვიყო, არა ციხის კედლებში, არამედ მის გარეთ, სადღაც შორს.
და რატომ ისროლა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ფოიერვერკი ჰაერში? რა იყო მისი მიზანი? დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა ყველას აწუხებს და საინტერესოც ის არის, ამ კითხვაზე რა პასუხს გავცემ.
ბატონო მოსამართლევ, ქალბატონო თამარ, ვფიქრობ, როდესაც გადაწყვეტილების მისაღებად გახვალთ, ეს კითხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. მიიღო თუ არა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, ისროლა თუ არა პოლიციელების მიმართულებით? მისმა მოქმედებამ შეუქმნა თუ არა საფრთხე ვინმეს? დააზიანა თუ არა შენობა-ნაგებობა? ამ კითხვებზე ერთადერთი სწორი და რეალური პასუხი არსებობს – არა.
მე არ დავიწყებ თავის მართლებას, რომ იმ ვიდეოზე, რომელსაც ბრალდების მხარე მედავება, მე ვარ, მაგრამ ბატონი ვაჟა და ბატონი ვახტანგი რასაც მედავებიან, კატეგორიულად უარვყოფ.
მინდა მოგიყვეთ, როგორ განვითარდა მოვლენები 2024 წლის 28 ნოემბერს ღამის საათებში. იმ დღეს მე და მარია [შეყვარებული] ბათუმში ვიყავით, გზაში ვიყავი, როცა ირაკლი კობახიძის განცხადება მოვისმინე. როცა თბილისში ჩამოვედით, სახლში მივაცილე, სახლში მივედი, გამოვიცვალე და გამოვედი რუსთაველის გამზირზე. აქციაზე ვიყავი სრულიად მშვიდობიანად, არავის დავსხმივარ თავს (მით უმეტეს, მშვიდობის მოყვარული გახლავართ). ჩემი აქციაზე ყოფნის პერიოდში არანაირი მოწოდება არ ყოფილა სამართალდამცავების მხრიდან, ან გზა გაგვეთავისუფლებინა, ან უბრალოდ დავშლილიყავით.
ღამის საათები იყო, როდესაც ჩემთვის ვიღაც უცნობი, შენიღბული პიროვნება მოვიდა ჩემთან და მითხრა, ფოიერვერკი დამიჭირე ერთი წუთითო. მე უარი განვუცხადე ორი მიზეზის გამო: ერთი ის იყო, რომ ჩემთვის უცნობი და შენიღბული პიროვნება იყო, მეორე ის, რომ ფითილზე მოკიდებულ ფოიერვერკს მაწვდიდა, მაგრამ მე უარი ვუთხარი, მან ძირს დააგდო და გაიქცა. დავიყვირე, რას აკეთებ-მეთქი, შევაგინე და ინსტიქტურად უცებ ძირიდან ავიღე ფოიერვერკი, რომ ვინმე არ დაზიანებულიყო.
როცა ავიღე, ეგრევე ზემოთ, ცაში აღვმართე, მაღლა აწევა ცაში და გასროლა ერთი იყო. გავიქეცი რამდენიმე მეტრით წინ, რადგან ხალხის სიმჭიდროვე იყო (ყველაფეირ გავაკეთე იმისთვის, რომ არავინ დაზარალებულიყო). ჩემსა და პოლიციელებს შორის იყო ძალიან დიდი დაშორება, დაახლოებით, 500 მეტრამდე. ჩემი მოქმედებით არ შემიქმნია საფრთხე არც საზოგადოებისთვის და არც პოლიციელებისთვის და მათ შორის, არც შენობა-ნაგებობებისთვის.
სწორედ იმის გამო ავიღე ძირს დაგდებული ვიღაცის მიერ, რომ ვინმე ან რამე არ დაზიანებულიყო. ამის გამო ვისროლე ვერტიკალურად ჰაერში, ცის მიმართულებით. ჩემთვის გაუგებარია, როგორ ვითვლები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პიროვნებად, როდესაც ერთმანეთთან ნაცნობობაც კი არ გვაკავშირებს, არათუ რამე სხვა”, – თქვა ჯავახიშვილმა.
ბრალდებულმა ისაუბრა საპატიმროში გატარებულ 9 თვეზე და აღნიშნა, რომ ეს თვეები მისი ცხოვრების უდიდესი გამოცდილებაა. მისი თქმით, ყველაზე რთული პერიოდი პირველი 2 დღე იყო და თავი სიზმარში ეგონა.
„ვფიქრობდი, ახლა თვალს გავახელ და სახლში ვიქნებითქო, მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრები და ილუზია იყო. სრული ქაოსი მჭირდა. მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთადერთი ადამიანი მარია დამრჩა, ვის გამოც ყველაფერს საწორზე დავდებ. თუ საჭირო გახდა იმის იქითაც. ზუსტად ამ ადამიანზე ვნერვიულობდი, ვერ ვხედავდი, არ ვიცოდი სად იყო, როგორ იყო, რას აკეთებდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ სტრესისგან განადგურებული იყო.
ბოდიში მარია, რომ ამდენი განერვიულე, მაგრამ გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენს გვედზე იყო. ვისწავლე ცხოვრების 2 მთავარი არსი – სიყვარული და თავისუფლება. გარეთ რომ ვიყავი ვერ ვაფასებდი თუნდაც სახლიდან მაღაზიამდე სიარულს, თუმცა ციხეში საკანში 7 ნაბიჯს დავდივარ.
რადიკალურად შეცვალა ციხემ ჩემი ცხოვრება. ვისწავლე დაფასება, ზედმეტი ხალხისგან დავიცალე, ვისწავლე პატივისცემა, სხვათაშორის ნათქვამი ჯერ საკუთარ თავს ეცი პატივი თუ გინდა რომ სხვამ გცეს პატივი და ასეც არის. ზოგჯერ მგონია ეს ტანჯვა რასაც გავდივარ, უსასრულოა. მაგრამ ვითმენ, ვითმენ იმიტომ რომ ეს დროებითია, შეიძლეაბ სამართალი ურმით მოდის, მაგრამ ნე და დიდი სიმართლე მოაქვს. ამ 9 თვეში ბევრი კარგიც მოხდა და ბევრი ცუდიც. ყველაზე მეტად იანვრის თვე გაიწელა. ვისწავლე საკუთარი თავის კონტროლი.
საახალწლოდ დაგეგმილი გვქონდა მე და მარიას წავულიყავით ბაკურაინში, მაგრამ მომიწია 4 კედელში ყოფნა, აპრილს დაბადების დღე ჰქონდა, მინდოდა საზღვარგარეთ წავულიყავით სადმე ლამაზ ადგილას და ხელი იქ მეთქხოვა, მაგრამ ხელი ციხეზე მოვაწერეთ, არ მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრება სურპრიზებით არის სავსე, არ ვიცით როდის რა მოხდება, მარიას დაბადების დღისთვის ამდენი ვიწვალე მახსოვს ტელეფონიდან ვაგვარებდი საჩუქრის ამბებს. […]
ბევრისგან მსმენია და ბევრისგან მომსვლია ამბებია, რომ აი, ბატონობით რატომ მიმართავ ვაჟასო [პროკურორს] ან რაიმე მსგავსი. ერთს გეტყვით და კარგად დაიმახსოვრეთ, მე ჩემი მეობა, ჩემი პირადი აზრი და პირადი ინდივიდუალურობა მახასიათებს. მერე რა რომ 4 ან 6 წლით ციხრეში მიშვებს არაფრის გამო, უფროსწორად ფოიერვერკის ჰაერში სროლის გამო, შენ მთავარია შენი მეობა და ადამიანობა არ დაკარგო, ვისაც ჩემზე მეტი ან ვინმეზე მეტი ჰგონია თავი, სხვებს აკრიტიკებს და არ აინტერესებს, მაშინ ან ჩუმად უნდა იყოს ან ადგეს და პირდაპირ უთხრას რასაც მასზე იძახის ან ფიქრობს. არასდროს მიყვარდა ზურგს უკან ჭორაობა, თუ ვინმეს რამის გარკვევა სურს ჯერ გაარკვიოს და მერე ილაპარაკოს. ადამიანს ცრუ ინფორმაცია არ უნდა გაუვრცელო. ის შეიძლება მერე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს.
არ შეიძლება სამყაროს უყურებდე ცალ მხარეს ცალი თვალით, პირიქით უნდა უყურო ყველა მხარეს 2 თვალით, რადგან შეიძლება სხვადასხვანაირად ხედავდე და ეს უფრო მნიშვნელოვანია.
ერთს ვიტყვი, არამგონია ნათქვამს მიხვდეთ, მაგრამ ძალიან მომწონს მე: ადამიანი ადამიანთან ადამიანის ადამიანობით ადამიანობს. იყავი ადამიანი. იყავი მოწყალე, იყავი მშვიდი, აკეთე სიყვარული და სიკეთე. ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ცხოვრებაში ვაკეთოთ. ან რა სახელი გვინდა დავტოვოთ? ადამიანი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება, სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა და მოვიქცეთ ისე, რომ არავინ არავის ვაწყენინოთ. მოვატყუოთ, ვაკეთოთ სიკეთე (მაგრამ ნუ დაელოდები) ერთანეთს დავეხმაროთ და მუდამ სიყვარულში გავატაროთ ცხოვრება. მე მაგალითად ასე ვიცხოვრე, ვცხოვრობ და ვიცხოვრებ. დავისახო მიზანი და მივყვე ბოლომდე. აი, ეს არის მთელი არსი.
ამიტომ გიყვარდეთ ერთმანეთი და დავაფასოთ ერთმანეთი (მე სანამ ციხეში ვარ ჯერ არავინ მკითხულობს, ვისგანაც მოველოდი. გავალ და ყველა მომიკითხავს. არ ხდება ასე?) მადლობა ყურადღებისთვის, მიყვარხართ ყველა”, – თქვა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
8 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვლმა განაჩენის თარიღად 2 სექტემბერი ჩანიშნა.