ქარტია: მკაცრად ვგმობთ „პუბლიკის" ჟურნალისტზე ძალადობას, პროკურატურას მოვუწოდებთ, ინციდენტი სწრაფად გამოიძიოს

პუბლიკა

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მკაცრად გმობს „პუბლიკის“ ჟურნალისტზე,  მთავარ რედაქტორზე, ლიკა ზაკაშვილზე ძალადობას და პროკურატურას ინციდენტის სწრაფად გამოიძიებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობა მოძალადე პირებს ახალისებს და სულ უფრო მეტი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს.

3 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიების პარალელურად მოქალაქეებმა საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია გამართეს.

პროტესტის დროს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„პუბლიკის“ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შელაპარაკების შემდეგ „ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა აქტივისტებს შეაფურთხა, მეორემ კი შეაგინა და „პუბლიკის“ ჟურნალისტს ხელი დაარტყა. მოგვიანებით, „ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა „პუბლიკის“ ჟურნალისტსაც შეაფურთხა.

იქ მყოფ პოლიციელებს ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენიათ.

მანამდე, იმავე ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ კითხვაზე პასუხად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „პუბლიკის“ ფოტოჟურნალისტ მინდია გაბაძეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მინდია გაბაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა.

ქარტია წერს, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობა მოძალადე პირებს ახალისებს და სულ უფრო მეტი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, წერტილი დაუსვას ამგვარ პრაქტიკას, პასუხისმგებლობა აიღოს და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტისთვის ხელშეშლისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რომელიც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ქარტია მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლოს იმ პოლიციელების ქმედებები, რომელმაც ადგილზე სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს და ჟურნალისტი არ დაიცვეს. ამ პირების იდენტიფიცირება არც პროკურატურასა და არც შსს-ს არ უნდა გაუჭირდეს.

საქართველოს ჟურნალისტური ქარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს „პუბლიკის” და მის ჟურნალისტებს და ასევე ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების” უშუალო მონაწილეობით თუ წამქეზებლობით სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის სამიზნე გახდა“. – ნათქვამია „ჟურნალისტური ეთიკის ქარტის განცხადებაში”.