„ივანიშვილის FARA-ს“ წინააღმდეგ ქართული NGO-ების და მედიის სარჩელი სტრასბურგში დარეგისტრირდა

პუბლიკა

„ივანიშვილის FARA-ს“ წინააღმდეგ ქართული NGO-ების და მედიის სარჩელი სტრასბურგში დარეგისტრირდა.

სარჩელი შეიტანეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”
  • „საქართველოს ევროპული ორბიტა”,
  • „კანონის უზენაესობის ცენტრი”,
  • „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისათვის”,
  • „პუბლიკა”,
  • „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”

„საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს – კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას.

ჩვენ ვდაობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება.

ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც TI-მ გაავრცელა.

ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, აცხადებენ, რომ აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ივანიშვილის FARA კი არღვევს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც „ქართული ოცნების FARA”-ს დარღვევას ედავებიან.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, მათ არ ეკუთვნით ამ რეესტრში რეგისტრაცია.