„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ მიღწეული წარმატებისთვის, პრემიის სახით, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მისივე თქმით, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა ევროპის ჩემპიონატზე ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვისაც.
„მინდა, მივულოცო ჩვენს სპორტსმენებს გუშინდელი გამარჯვებები, ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, პირველ რიგში, კალათბურთელებს მივულოცო ისტორიული წარმატება, ჩვენი ეროვნული ნაკრები პირველად ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
მინდა, თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს გადავუხადო მადლობა ამ შთამბეჭდავი წარმატებისთვის. კალათბურთის ფედერაციას მინდა, გადავუხადო მადლობა თავდადებისა და შრომის გარეშე ასეთი შედეგები არ მოდის. სამომავლოდ მინდა ვუსურვო წარმატებები. მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თამაშებშიც წარმატება იქნება ჩვენს მხარეს. ასევე ფეხბურთელებს მინდა, მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, შთამბეჭდავი გამარჯვება და მათაც მინდა, წარმატება ვუსურვო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.
რაც შეეხება კალათბურთელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს. მიღწეული შედეგისთვის 3 მილიონი ლარი და ყოველი შემდეგი გამარჯვებისთვის 3 მილიონი ლარი. ასეთი პრემია იქნება დაწესებული“, – თქვა კობახიძემ.
გუშინ, 7 სექტემბერს ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 სექტემბერს გაიმართება.