„პირბადეების საქმეზე“ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი გამოიკითხა.
მისი თქმით, შეკითხვები 2023-24-25 წლებში მიმდინარე აქციებს ეხებოდა. კლდიაშვილის განცხადებით, ასევე კითხვები შესყიდვებთან დაკავშირებითაც იყო.
„საუბარი ეხება 2023 წელს, 2024 წელს, 2025 წელს. ორგანიზაციის საქმიანობა არის ძალიან გამჭვირვალე და ღია და ყველამ იცის რას საქმიანობს ჩემი ორგანზიაცია, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს და გახდეს სრულად უფუნქციო“,- უთხრა ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდგომ გიორგი კლდიაშვილმა.
დღეს ასევე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე.
ნინო დოლიძის განცხადებით, კითხვები ძირითადად 2024 წლის გაზაფხულზე და ნოემბერ-დეკემბრში გამართულ აქციებს ეხებოდა.
„კითხვები ძირითადად შეეხებოდა აქციების მიმდინარეობას, როგორც გაზაფხულზე გასულ წელს, ასევე ნოემბერ-დეკემბერთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან და ა.შ. ცხადია, კითხვები იმ შესყიდვასთან დაკავშირებითაც იყო და ჩემს განცხადებებთან დაკავშირებითაც, ჩემი პასუხი იყო, რა თქმა უნდა, სიმართლე.
სამართლიანი არჩევნები მუდმივად და არსებობიდან იცავს დემოკრატიას ქვეყანაში, იცავს ადამიანის უფლებებს. ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ამ აქციების დროს მონიტორინგი იქნებოდა თუ იურიდიული დახმარება, აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენს საქმიანობაში, იყო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ვახორციელებდით დემოკრატიული მომავლის დაცვას და, შესაბამისად, ამ შეკითხვებს ვუპასუხე. გამოკითხვა იყო კონსტრუქციულ რეჟიმში. ჩემი შეფასება, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო ორგანიზაციების დევნას, უკავშირდება მათი დაყადაღების საკითხს და მანამდე მიღებულ არაერთ რუსულ კანონს და, შესაბამისად, ამას ვუპასუხე შესვლის დროს“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც პროკურატურამ ვატო შაქარიშვილისა და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 27 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების დახმარებასაც.
აქამდე გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე და „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.