შსს-ს ცნობით, 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე გამოძიება დამატებით კიდევ ერთ საქმეზე – სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირებისა და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომლებიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯადი ქმედებაა“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 8 სექტემბერს კახა კალაძის შტაბთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კვლავ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. კალაძის მხარდამჭერები არაერთ მოქალაქეს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების თქმით, ისინი დემონსტრანტებს ესროდნენ გაყინულ ბოთლებს. კალაძის მხარდამჭერებმა ასევე იძალადეს ჟურნალისტებზე. აქციაზე „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს დაარტყეს და წაართვეს ტელეფონი, ასევე იძალადეს „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე, რომელსაც ასევე წაართვეს მობილური.