სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელებითა და ტელევიზიებით ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას, თუ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე.
„ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 ათასი აშშ დოლარის გადახდას.
გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 ათასი აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას და საიდუმლო მასალას.
ის დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაჰპირდა გდდ-ის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.
ლევან ხაბეიშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისათვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად“, – ამბობს სუსი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის მიცემას უკანონო ქმედების ჩასადენად და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ლევან ხაბეიშვილი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს.
ლევან ხაბეიშვილმა 2025 წლის 25 ივლისს თქვა:
„მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში.
დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის.
დააგდეთ ეგ გაზის იარაღი და როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის კანტორა, 200 ათას დოლარს მიიღებთ.
საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური – რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის.
თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს. 200 ათასი დოლარი არის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი”.
იმავე განცხადებაში ხაბეიშვილმა თქვა, რომ „არის ძალიან ბევრი ვიდეო, მათ შორის, ნაწამები ადამიანების ვიდეოები”.
„ვის ხელშია, რა ვიდეოებია, ძალიან ბევრია ასეთი.
მივმართავ სხვა თანამშრომლებსაც, 200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მივცეთ ჯილდოს სახით, ვინც სისტემას ამხელს”.
მასთან ერთად დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა.
სუსი ამბობს, რომ მას „ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი ამ ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე”.
სუსის განცხადებით, ზოდელავა დაკავებულია სსკ-ის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.