კალაძე ბურჭულაძის დაკავებაზე: „ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია“

პუბლიკა

„ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტზე განაცხადა.

„გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ, რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა – არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“, -განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სპეკულაციაა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.

„შეეშვით ამ სულელურ სპეკულაციებს. არ მაინტერესებს თქვენი სპეკულაციები“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

გუშინ, 11 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. ბურჭულაძე დაკავებულია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.