კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის აქტივისტს, მეგი დიასამიძეს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურორმა საპატიმრო გირაოს შეფარდება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ საპატიმრო გირაო არ დააკმაყოფილა.
პროკურორმა თქვა, რომ მეგი დიასამიძეს „სხვა ბევრი ადმინისტრაციული გადაცდომა აქვს ჩადენილი და მიდრეკილია შეკრება-მანიფესტაციების დროს კანონის დარღვევისკენ”. დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.
სასამართლო სხდომაზე მეგი დიასამიძემ გაიხსენა მისი დაკავების ეპიზოდი და თქვა, რომ პოლიციელები მას კითხვებს უსვამდნენ იმაზე, დადიოდა თუ არა აქციაზე, დააზიანა თუ არა რამე და ა.შ.
„ბათუმში წასვლას ვაპირებდი, ჩემს ოჯახში და გურიაში ვიყავით შესული როდესაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა მიკროავტობუსი და მძღოლთან ჰქონდა თავდაპირველად პრეტენზია, თუ რატომ არ გადაუშვა ზებრაზე ქვეითი, მას ელაპარაკებოდა, მაგრამ მე მიყურებდა და იცინოდა ამ დროს.
მასთან საუბარი უცებ დაასრულა, შემოტრიალდა, უცებ დაიყვირა ჩემი სახელი და გადმოდი მანქანიდანო. მაგრამ ამ დაძახებამდე უკვე ტელეფონი გამორთმეული ჰქონდა, იმიტომ, რომ როდესაც მძღოლს ელაპარაკებოდა მაკვირდებოდა როგორ ვიჯექი, ტელეფონი მეჭირა თუ არა და რას ვაკეთებდი …
და შემდეგ მათ თავიანთ საპატრულო მანქანაში ჩამსვეს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავტობუსის მძღოლს ელაპარაკებოდა და მძღოლი ჩემკენ მიუთითებდა ხოლმე და ამაზე ვუთხარი, რომ თუ ჩემთან დაკავშირებით აინტერესებდა რამე, ჩემთვის ეკითხა, მაგრამ ნახევარი საათის განმავლობაში ერთმანეთში საუბრობდნენ.
მერე მიკროავტობუსი წავიდა. ამ პერიოდში აქტიურად ვეუბნებოდი, რომ ადვოკატთან დამერეკა, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ, ველოდებით და გეტყვითო…”.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ თქვა:
„ცხადია, დარღვევაა [9 საათის განმავლობაში ხელები რომ უკან ჰქონდა შეკრული]. ეს ჩემი მოსაზრებაა არაა, ასეთია კანონიც და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკაც. ხელზე მოჭერილი ხელბორკილებით, რომლებიც დროებითი შეზღუდვის საშუალებაა და მხოლოდ საფრთხის აღსაკვეთად უნდა გამოიყენებოდეს, რამდენიმე საათის განმავლობაში მგზავრობა ისე, რომ ხელზე გრჩება ტრავმა, ჩალურჯებები და ა.შ, არის არასათანადო მოპყრობასთან გათანაბრებული.
პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არ გამოიყენეს საპატიმრო გირაო.
მე ვფიქრობ, აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ამიტომ, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილები არ ვართ, როგორც ადვოკატები. თუმცა, არსებული კონტექსტით გათვალისწინებით, როცა სასამართლო არავითარ მტკიცებულებას არ აქცევს ყურადღებას და მთავარია პოლიტიკური დაკვეთა, ალბათ ეს შედეგი მაინც ითვლება პოზიტიურ შედეგად, იმიტომ, რომ მეგი არის თავისუფალი და არ იმყოფება პატიმრობაში. დაუმსახურებელი, მაგრამ მაინც მადლიერების განცდა გვაქვს, იმიტომ, რომ მოსამართლემ არ შეასრულა პროკურატურის პირდაპირი მოთხოვნა“.
მომდევნო სხდომა 28 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
9 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მეგი დიასამიძემ კალაძის ბანერზე გააკეთა წარწერა: „რუსული ოცნება“.