კალაძე ხოშტარიაზე: არავის აინტერესებს და ცდილობენ, მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ

პუბლიკა

კახა კალაძე ელენე ხოშტარიაზე ამბობს, რომ „ელენე ხოშტარია და სხვა ოპოზიციონერები არავის აინტერესებს, ამიტომ ცდილობენ, მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ”.

„ერთი რამ ცხადია, ეს ადამიანები არავის აინტერესებს. დღის წესრიგიდან ამოღებულები არიან. არ აინტერესებთ არც მათი ყოველდღიური ქმედებები, რასაც იმ მოძალადეებთან ერთად ყოველდღიურად ახორციელებენ. შესაბამისად, უნდათ, რომ დანაშაულებით თავი შეახსენონ ქვეყნის მოსახლეობას. არსებობს კონკრეტული კადრები კანონდარღვევებისა, ყველას მოყვება შესაბამისი რეაგირება”. – თქვა კახა კალაძემ.

ელენე ხოშტარია დღეს, 15 სექტემბერს დააკავეს იმის გამო, რომ გუშინ, 14 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის შენობასთან გამოკრულ ბანერზე მარკერით გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე.

ელენე ხოშტარიამ თავისი ამ ქმედებით სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს – 23 წლის სტუდენტს, რომელმაც კალაძის ბანერზე იგივე წარწერა 9 სექტემბერს გააკეთა. მომდევნო დღეს ისიც სისხლის სამართლის კოდექსით, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დააკავეს. 12 დეკემბერს ის 2000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.