„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და მას „რადიკალი“ უწოდა. კობახიძემ თქვა, რომ „როდესაც ზიანი 150 ლარს აღემატება, პროკურატურა ვალდებულია, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე“.
„ეს ადამიანი არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი და სინამდვილეში ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, მათ შორის, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას ნამდვილად არ უჭირს საკუთარი შეფასებების გაკეთება“, – თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტმა კობახიძეს გაახსენა ოპოზიციური პარტიების ბანერებზე გაკეთებული წარწერები, ასევე ნიკა მელიას დამწვარი ოფისი და უთხრა, რომ, სავარაუდოდ, ის ზიანიც აღემატებოდა 150 ლარს, რაზეც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მაშინ იყო რბილი მიდგომა, ახლა კი განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი“.
„თავის დროზე იცით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია 2020, 2021, 2024 წლებში, ხდებოდა ბანერების დაზიანება, სააგიტაციო მასალების დაზიანება – ორმხრივი იყო ეს ყველაფერი და პრაქტიკა იყო განსხვავებული, არასწორი.
დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი. იყო რბილი მიდგომა ყველა მიმართულებით, გახსოვთ, მათ შორის, თითქმის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც მერე სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მეორე შემთხვევაში 6 ადამიანი იყო დაჭერილი, მეტი არა. იყო ზედმეტად რბილი პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ჩემი მიდგომაა, რომ კანონი უნდა იყოს მკაცრად დაცული“, – თქვა კობახიძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავა.
14 სექტემბერს ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო ბანერზე დაწერა: „რუსული ოცნება“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
მოგვიანებით ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობა მეგის“. კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო, 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აქტივისტი დარბაზიდან გათავისუფლდა. ამ საქმეზე მომდევნო სხდომა 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.