კალაძე ივანიშვილზე: იმედი გვაქვს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლიდან

პუბლიკა

კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „ქართული ოცნების“ ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან დაიწყება.

კალაძემ ასე უპასუხა შეკითხვას ბიძინა ივანიშვილისთვის ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ.

„ეს არის ყველაფერი ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მუქარებით, დაკავებული იყო ცილისწამებით. მათ მიერ გაკეთებული ყველა  განცხადება დაფუძნებული იყო ცილისწამებაზე, ტყუილზე. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს, რა თქმა უნდა, არის აბსურდული, სიცრუე, სისულელე. თუმცა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება დამოკიდებულება და ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლიდან”. – თქვა კახა კალაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა.

აკრძალვები ეხება ნებისმიერ ტრანზაქციას, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება 14024-ით.

მათ შორის:

აკრძალვა ეხება ტრანზაქციებს დაკავშირებულს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდთან და რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან.

ასევე, აკრძალვა ეხება ნებისმიერ ტრანზაქციას, რაც დაკავშირებულია სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს საქმესთან „კრედიტ სუისი ბიძინა ივანიშვილის და სხვების წინააღმდეგ” და სხვა დაკავშირებულ სამართალწარმოებასთან.

აკრძალვა ეხება ნებისმიერი გადაწყვეტილების, ბრძანების, გადაწყვეტილების ან მორიგების შეთანხმების აღსრულებას, რომელიც წარმოიქმნება ასეთი სამართალწარმოებიდან. ​ასევე, ეხება ნებისმიერი განაჩენის, ბრძანების, ჯილდოს ან შეთანხმების აღსრულებას, რომლებიც აღნიშნული პროცესებიდან წარმოიშვა; და ნებისმიერი გადახდების, ტრანსფერების, აქტივების გადაადგილებას ან სხვა ტრანზაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია აღნიშნულ პროცესებთან.

ასევე, აკრძალვა ეხება ნებისმიერ სხვა ტრანზაქციას, რომელიც დაუშვებელია „რუსეთის მავნე უცხოური საქმიანობის სანქციების რეგულაციების“ მიხედვით, მათ შორის, ტრანზაქციებს, რომელიც მოიცავს ნებისმიერ სხვა სანქცირებულ პირს, იმავე „რუსეთის მავნე უცხოური საქმიანობის სანქციების რეგულაციების“ შესაბამისად, თუ არ არის ამაზე ცალკე ავტორიზაცია.