ლელა ცისკარიშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „პირბადეების საქმეზე" გამოიკითხა

პუბლიკა

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ თავმჯდომარე, „საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ (GCRT) დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ე.წ პირბადეების საქმის საქმის ფარგლებში საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვები აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდას უკავშირდებოდა.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”, მას შემდეგ, რაც დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, იხდის აქციებში მონაწილე მშვიდობიანი მანიფესტანტების ადმინისტრაციულ ჯარიმებს. თუ გახსოვთ, ზაფხულში მოეწყო უზარმაზარი კონცერტი, სადაც საქართველოს მოქალაქეები რიცხავდნენ ფულს. შემდეგ უკვე ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს „თიბისი“ ბანკმა და „საქართველოს ბანკმა“ გადმორიცხეს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ თანხა, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო გამოკითხვა”. – თქვა ცისკარიშვილმა.

მან დასძინა, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა, მათ შორის, ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში მხარდაჭერა ლეგიტიმური საქმიანობაა და ამით ძალადობის წახალისება არ ხდება.

„ძალადობა ვნახეთ, როდესაც აწამებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ასი დაზარალებული პროკურატურის მიერ ცნობილი და არცერთი დამნაშავე არ გვინახავს. ეს საქმეები გამოიძიოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ”.- თქვა ლელა ცისკარიშვილმა.

7 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.

უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.

პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.

აქამდე გამოკითხვაზე უკვე იყვნენ ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე, მოქმედი დირექტორი ლევან ნატროშვილი, „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.

გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს, „ქართული ოცნების” პროკურატურაში 2025 წლის 8 თებერვალს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

გამოძიება „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება”.

ამ გამოძიების ფარგლებში 2025 წლის მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ფონდების ანგარიშებიც.

„ქართული ოცნების” ეს გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვია ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამ – კობახიძემ პარტიის სახელით თქვა, რომ „ქართული ოცნება” აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ.