„მიზანი დაშინებაა" — „პირბადეების საქმეზე" ეკა გიგაურის გამოკითხვა დასრულდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

გამოკითხვა ე.წ პირბადეების საქმეს შეეხებოდა.

ეკა გიგაურმა თქვა, რომ კითხვები ეხებოდა მის მიერ გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებას, აქციებში მონაწილეობის გამო დაჯარიმებულთა დახმარებას, საწვიმარი ლაბადების ყიდვას და სხვა.

„კითხვები შეეხებოდა იმას, ვეხმარებოდი თუ არა მე პირადად დაჯარიმებულებს. მათ მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგარიშზე, რომლის მიზანიც იყო, რომ დაკავებულების ჯარიმები გადახდილიყო და ეს ადარდებთ მათ, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად.

მეორე საკითხი, რაც შეეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც ვსაუბრობ, რომ მნიშვნელოვანია, დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში, წამებაში და კორუფციაში და მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ პირების პასუხისმგებლობა დადგეს და არა საქართველოს მოქალაქეების – ამ განცხადებებთან დაკავშირებით იყო კითხვები.

კითხვა ასევე შეეხებოდა იმას, რომ ჩვენ გვქონდა კამპანია ნაწამები დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობის მიზნით და ამ კამპანიასთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ კითხვები.

ასევე, როგორც ჩანს, პრობლემა იყო 7 თუ 8 ლაბადის კითხვა აქციების მიმდინარეობის დროს და სხვადასხვა ასეთი კითხვა იყო, რაც არ ვიცი, როგორ უკავშირდება იმ გამოძიებას, რომელსაც ისინი აწარმოებენ”. – თქვა ეკა გიგაურმა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების” მიზანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებაა, თუმცა, ორგანიზაციები მაინც აგრძელებენ საქმიანობას და მოქალაქეების დაცვას.

7 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.

უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.

პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.

აქამდე გამოკითხვაზე უკვე იყვნენ ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე, მოქმედი დირექტორი ლევან ნატროშვილი, „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი.

გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს, „ქართული ოცნების” პროკურატურაში 2025 წლის 8 თებერვალს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

გამოძიება „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება”.

ამ გამოძიების ფარგლებში 2025 წლის მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ფონდების ანგარიშებიც.

„ქართული ოცნების” ეს გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვია ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამ – კობახიძემ პარტიის სახელით თქვა, რომ „ქართული ოცნება” აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ.