მსხიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ „პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის დასაცავად“ დღეს ოფიციალურად შეიტანა სარჩელი სასამართლოში შვიდი მედიასაშუალების, მათ შორის „ტვ იმედის“ წინააღმდეგ.
როგორც ფარულავა განმარტავს, მათ გაავრცელეს „სრულად მცდარი და შეურაცხმყოფელი“ ინფორმაცია, თითქოს ის „ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი იყო.“
„როგორც იცით, 21 აგვისტოს რამდენიმე მედიასაშუალებამ, წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, გაავრცელა ჩემს შესახებ სრულიად მცდარი და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, თითქოს მე „ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი“ ვარ.
მე ნამდვილად ვიყავი ორი მშვიდობიანი და არაძალადობრივი დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 2025 წლის 22 მარტს და 4 ივლისს, სადაც მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავაპროტესტეთ. ამის „ძალადობრივად“ მონათვლა არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც ჩემი სახელის გატეხვას და რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. დუმილი და უყურადღებოდ დატოვება ამ შემთხვევაში დანაშაულის ტოლფასია.
სიტყვას უდიდესი ძალა აქვს – მას შეუძლია შენებაც და ნგრევაც. ამიტომ, ჩემი პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის დასაცავად, დღეს ოფიციალურად შევიტანე სარჩელი სასამართლოში შვიდი მედიასაშუალების, მათ შორის „ტვ იმედის“ წინააღმდეგ. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ჩემი პირადი სახელისთვის. ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ და იმის დასამტკიცებლად, რომ ცილისწამება დაუშვებელია“,- წერს ია ფარულავა.