„ოცნების" არაღიარების კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შეიტანეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” არაღიარების კანონპროექტი, რომელიც ჯო უილსონმა მოამზადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შეიტანეს.

 „ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემ მიერ მომზადებული „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტს დაემატება. კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია”. – დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” გულისხმობს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის არაღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. ამის მიზეზად დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი კანონია, რომელიც ადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციონირების ჩარჩოს და ბიუჯეტს.

აქტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს იურიდიულ უფლებამოსილებას, შეასრულოს თავისი მოვალეობები საგარეო საქმეებში, ამტკიცებს ან ცვლის მის სტრუქტურას და განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ პრიორიტეტებს, მაგალითად, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო უსაფრთხოება და სხვა. აქტი ზოგჯერ შეიცავს დამატებით დებულებებს, რომლებიც გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე.