გორში ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულთა შორის არიან გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი, ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო – მან პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.
დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.
ბრალდებულები აცხადებენ, რომ ერთმანეთს არ იცნობენ და კავშირი არ აქვთ საქმესთან.
გიორგი კანდელაკის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, კანდელაკის წინააღმდეგ ჩვენებას გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი აძლევს.
„ერთ-ერთი ადამიანის ჩვენება, რომელიც მიიყვანეს ადვოკატის მომსახურების გარეშე საგამოძიებო ორგანოში, ერთადერთი მისი ჩვენება გახდა კანდელაკის დაკავების და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი“, – თქვა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
TV პირველი ავრცელებს ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენებას, რომელშიც ის წერს, რომ მას უაქციზო ალკოჰოლის წარმოება ერთ-ერთმა რუსულმა კომპანიამ დაუკვეთა, თუმცა მისი რუსეთში გაყიდვა ვერ შეძლო, რის გამოც საქართველოში დაიწყო კლიენტის მოძიება. გოგიჩაიშვილის ჩვენების მიხედვით, ამ პროცესის შესახებ საქმის კურსში იყო გიორგი კანდელაკი, „რომელიც ასევე სრულად ჩაერთო ჩამოსხმული ალკოჰოლური ბრენდული სასმელის რეალიზაციის პროცესში“.
პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის განცხადებით, „ბრალდებულები ერთმანეთს წარმოების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს უგზავნიდნენ, ასევე თუ რამდენი ბოთლი იქნა დამზადებული და ასევე, მითითებულ იყო თუ რა დრო დასჭირდებოდა, გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმლის დამზადებას“.
მისივე თქმით, „რეალიზების ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუ დადასტურდება მათი მხრიდან რეალიზაცია, მოხდება ბრალის დაზუსტება.“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი დააკავა.
უწყება ამბობს, რომ ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
საგამოძიებოს ცნობით, საქმეზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.