ირაკლი კობახიძე გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.

როგორც მტავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დინამიკაზე.

„ ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში წარმატებით ოპერირებს და მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას Eagle Hills-ის და EMAAR-ის მიერ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძე.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.

„ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. მომავალში ამას დაადასტურებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც პრიორიტეტულია ორივე ქვეყნისთვის“,- განაცხადა შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.