ცესკო: 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ია, გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, აქედან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

„წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა.

არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს   600784-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 25 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით 9 524 -ჯერ.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე.

საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა 5-მა პარტიამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.