„TI-საქართველო“: ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ დევნის დაწყება შვილზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ემსახურება

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა „ივანიშვილის დავალებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების სერიის გაგრძელებაა“.

„ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს პირადი მიზნებისთვის მართლმსაჯულების სისტემაზე საკუთარი უკანონო გავლენის ბოროტად გამოყენებას, რათა შური იძიოს ფინანსურ საკითხებში თავის ყოფილ მრჩეველზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც, ივანიშვილის სახსრების ვითომდაც მითვისების და ფულის გათეთრების გამო, ციხეში 11 წლიან სასჯელს იხდის“, – წერს TI.

ორგანიზაციის განცხადებით, აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მათ შვილზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის განხორციელების მიზანს ემსახურება.

„ივანიშვილის ამოცანაა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მოიპოვოს ბაჩიაშვილისგან 8253 ბიტკოინის ღირებულების თანხა, რომლებიც, ივანიშვილის და ახლა უკვე სასამართლოს მტკიცებით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილისგან მიითვისა.

ამ მიზანს ბრალდების უსაფუძვლობაც ადასტურებს. ბაჩიაშვილის და მისი მშობლების ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებას იმ ფაქტზე აფუძნებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა წლების წინ მშობლებს ბინა და 2 მანქანა უყიდა. გარდა იმისა, რომ შვილისგან საჩუქრის მიღება შეუძლებელია ე.წ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებად იქნეს მიჩნეული, როგორც უწინ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც აღვნიშნეთ, თვით ბაჩიაშვილის მიერ ამ ნივთების შეძენა/ჩუქებაც არ შეიძლება ჩაითვალოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად, თუ ადგილი ჰქონდა მხოლოდ თუნდაც ე.წ. უკანონო შემოსავლის გამოყენებას და არა მისი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის და ა.შ. დამალვას ან შენიღბვას“, – აცხადებს TI.

ორგანიზაციის თქმით, „სახელმწიფოს შურისძიება მშობლების მიმართ მათი შვილის მიერ ვითომდაც ჩადენილი უკანონო აქტის გამო ისეთი მოვლენაა, რასაც რუსეთის, ირანის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების, აგრეთვე 1920-1930-იანი წლების ბოლშევიკური რეჟიმის პრაქტიკაში თუ შეხვდებოდით“.


29 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ყადაღა დაედო ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშებს და დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეძენილ მის აქტივებს.