„პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას ეხმაურება.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, „არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა.“
ივანიშვილი ფიქრობს, რომ 4 ოქტომბერს ქვეყანაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაა.
„4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ“,- წერს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.