სუსმა თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავა.
როგორც ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, რომელძიც „მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ.“
„აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად და შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავ სსსკ-ით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას. ასევე, კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა. შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სსკ-ის 317-ე და 353-ემუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.
საგულისხმოა, რომ მანვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა, ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები. აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
საუბარია კუპრავას შემდეგ განცხადებაზე:
„ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი. ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა….“