თბილისის მერიის ცნობით, „რუსთაველის გამზირის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის სახელით შევიდა წერილი, რომელშიც ბურჭულაძე ითხოვს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.
მერიის ცნობით, მათ ბურჭულაძეს აცნობეს, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას.
მერიამ ბურჭულაძეს ასევე აცნობა საარჩევნო კოდექსის ჩანაწერზეც, რომლის მიხედვით „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება“.
„მოქალაქეების შეკრებისა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ასევე გააჩნიათ ვალდებულება, დაიცვან საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები“, – აცხადებს მერია.