შსს: ჩხუბში მონაწილეობდა ნარმანიასთან ერთად მყოფი 10-ზე მეტი ახალგაზრდა, მეორე მხრივ 2 პირი

პუბლიკა

3 ოქტომბრის საღამოს, მეტეხის ხიდთან ახალგაზრდებსა და დაუდგენელ პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

უწყების მტკიცებით, ამ ეტაპზე მიღებული ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდა იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფი 10-ზე მეტი ახალგაზრდა კაცი და მეორე მხრივ 2 ახალგაზრდა კაცი, რომლებიც გამოესარჩლნენ ტაძრის მსახურ პირებს.

შსს-ს განცხადებით, ინციდენტში სამი მხარე მონაწილეობდა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გასული ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებს.

სამართალდამცველების მიერ გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე სამივე მხარე, რომლებიც კონფლიქტის დაწყების მიზეზად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და ტაძრის მსახურ პირებს შორის მომხდარ შელაპარაკებას ასახელებენ, რაშიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსული პირები ჩაერთნენ.

ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

გამოძიების ამ ეტაპზე მიღებული ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდა იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფი ათზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და მეორე მხრივ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გამოესარჩლნენ ტაძრის მსახურ პირებს. ამას, საკუთარ ჩვენებაში, თავად ი.ნარმანიას თანმხლები ერთ-ერთი ახალგაზრდაც ადასტურებს“.

უწყება ამბობს, რომ საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ბრალდებული პირების გამოკვეთისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.