თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გუშინდელი საპროტესტო აქციების შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
„სამწუხაროდ, ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული მინათებების ნაწილს. ორბელიანისა და თაბუკაშვილის ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია საფეხმავლო ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათების ბოძის სანათები, სადენები. ორბელიანის ქუჩაზე ჩაწყვეტილია და ჩატეხილია დეკორატიული განათებები, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დამწვარია ნაგავშემკრები კონტეინერები.
დაზიანებულია გარე ავეჯი, რომელიც კერძო კომპანიებს, კაფეების მფლობელებს ნაქირავებ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული. როგორც იცით, დამტვრეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე, ხოლო მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ბოძკინტები დაზიანებული, დაღუნულია ბოლარდები, რომლებიც საფეხმავლო ზონას ავტომანქანების ზონისგან იცავენ.
სხვადასხვა ინფრასტრუქტურა – საქანელები, მცენარეები, ქოთნები, გამწვანებული თარგები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე და კაფეების მიმდებარედ იყო, დიდწილად დაზიანებულია. აქედან ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა“,- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე დამტვრეულია საგზაო ნიშნები, „კონკას“ დაზიანებული აქვს რამდენიმე დეკორატიული ელემენტი. მერიის ცნობით, ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მუშაობენ.