შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა.
დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ მ.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.