აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს ელჩი აშშ-ში, თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გახმიანებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად.
შესაბამისი შეკითხვით სახელმწიფო დეპარტამენტს „ნეტგაზეთმა“ მიმართა.
კერძოდ, „ნეტგაზეთმა” სახდეპს ჰკითხა, „ადასტურებს თუ არა ვაშინგტონი საქართველოს ელჩის დაბარებას სახელმწიფო დეპარტამენტში, რათა შეშფოთება გამოეთქვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ „ტაილანდიდან რევოლუციის სავარაუდო დაფინანსების“ შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო“.
სახდეპმა მედიას უპასუხა:
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.
განმარტების ძიების ნაცვლად საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.
სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“.
თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს „საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ”.
საქმე ეხება მამუკა მდინარაძის მიერ პირველ ოქტომბერს პროპაგანდისტულ სამთავრობო „იმედთან“ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ტაილანდიდან ერთ-ერთი საელჩო აფინანსებს რადიკალიზმს ხელისუფლების წინააღმდეგ“.
„ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით, 95-99% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს.
ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისთვის, რომ ებრძოლოს ჩინურ საფრთხეებს, მათი გადმოსახედიდან, კი, ბატონო, გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ეს თანხა, რეალურად, სხვა მიზნობრიობით იხარჯება. მას შემდეგ, რაც დეკლარირებს, ვალდებულება გაუჩნდათ, აღმოჩნდა, რომ აცდენილია დეკლარირებულ მიზნებს“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
თამარ ტალიაშვილის შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში არ უარყო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თუმცა თქვა, რომ ეს არ ყოფილა დაბარება.