ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, „დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით დაამტკიცოს, რომ აშშ-ს საქართველოში არეულობა არ სურს“.
„ჩემი მოწოდებაა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით ქმედითად დაამტკიცოს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ასეთი ინტერესები არ აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა დიფ სთეითის გავლენით, არამედ მოქმედებს ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და ამის ყველაზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა“, – თქვა „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება თამარ ტალიაშვილის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ გააკეთა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ნეტგაზეთს“ წერილობით უთხრა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩთან თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გახმიანებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად.
საქმე ეხება მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ტაილანდიდან ერთ-ერთი საელჩო აფინანსებს რადიკალიზმს ხელისუფლების წინააღმდეგ“.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს“ და რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად“.
კობახიძე ირწმუნება, რომ ელჩის დაბარება დიპლომატიური ზომაა, რომელიც თამარ ტალიაშვილის შემთხვევაში არ გამოუყენებიათ და მას შეხვედრა მოსთხოვეს.
„ელჩის დაბადება არის დიპლომატიური ზომა, რომელსაც იყენებ რაღაცაზე პროტესტის გამოსახატად. მაგალითად, როცა გერმანიის, ბრიტანეთის, ევროკავშირის ელჩები აკეთებენ სამარცხვინო განცხადებას, ჩვენ ვიბარებთ ხოლმე, იმიტომ, რომ ეს არის დიპლომატიური ზომა.
ამ შემთხვევაში ეს დიპლომატიური ზომა არ ყოფილა გამოყენებული, სთხოვეს შეხვედრა ელჩს, რაც მაშინვე დაგიდასტურეთ, რომ ჩვენს ელჩს სთხოვეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც განიხილეს კონკრეტული საკითხები. დიპლომატიური ზომა – დაბარება არ ყოფილა გამოყენებული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამავე დროს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს ეჭვებზე დაყრდნობით.
„გავრცელებული ინფორმაციები, რომლებიც გავრცელდა მედიით, და არა ხელისუფლების მიერ, ეფუძნებოდა კონკრეტულ ეჭვებს. მაგალითად, პენსიების გამოყენებაზე აქციების დაფინანსებისთვის, რაც საბოლოოდ, მე ვფიქრობ, რომ არ დასტურდება, რომ, კონკრეტულად, ეს საპენსიო გადარიცხვები ემსახურებოდა არეულობის დაფინანსებას. თუმცა, არსებობს სხვა თემები, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვები. ეჭვებზე დაყრდნობითაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა.
[…] წინა ადმინისტრაციის პირობებში, კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ იყვნენ ჩართული საქართველოში ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში, ეს იყო მაგალითად USAID და NED, რაც აკრძალა შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა. ახლა არის ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა სუბიექტებმა გადაიბარეს ის პროცესები, რაც მანამდე იყო დაწყებული. ამაზე გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვებს უშუალოდ შინაარსზე იმასთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა და თამარ ტალიაშვილთან განიხილა.