თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ 13 აქტივისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
13 აქტივისტის საქმე სასამართლომ 3 ჯგუფად განიხილა.
ბრალდებულთა ერთ ჯგუფში, რომელთა აღკვეთის ღონისძიების საკითხს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავდა, გაერთიანებული იყვნენ დავით სტურუა, ევა შაშიაშვილი, აბო ნავერიანი და თორნიკე მჭედლიშვილი.
პროკურატურა პატიმრობას მოითხოვდა, დაცვის მხარემ კი სასამართლოს გირაოს გამოყენება შესთავაზა.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია და ოთხივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
მეორე ჯგუფის საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი განიხილავდა. ბრალდებულები იყვნენ დავით ჟღენტი, გიორგი რურუა, ალექსანდრე გოგოლაძე და კახაბერ მჟავანაძე.
მესამე ჯგუფში გაერთიანებულები იყვნენ ვახო ფირცხელაური, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი და სერგი მეგრელიშვილი. მოსამართლე ნანა შამათავამ ამ შემთხვევაშიც პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა.
პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, 6 ოქტომბერს დაკავებული 13 პირის საქმე გაერთიანებულად განიხილება.