ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება, რომლის შუამავალიც ამერიკის შეერთებული შტატებია, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან გასვლასა და ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას გულისხმობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ისრაელელი ტყვეები, სავარაუდოდ, ორშაბათს გათავისუფლდებიან.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმაზე, თუ როგორ მოხდება „ჰამასის“ განიარაღება ან ვინ მართავს ღაზას პირველი ფაზის დასრულების შემდეგ. განიხილებოდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის კანდიდატურა, თუმცა, ამაზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

ასევე უცნობია, როგორ მოხდება ღაზის აღდგენა.

​ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება მისი ქვეყნის „დიპლომატიური წარმატება და ეროვნული და მორალური გამარჯვებაა“.

„ჰამასმა“ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს და მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს: ყატარს, ეგვიპტესა და თურქეთს.

როგორც ისრაელელი მძევლების, ასევე, უკვე გათავისუფლებული მძევლების ოჯახებმა და ღაზაში მცხოვრებმა პალესტინელებმა შეთანხმების მიღწევა აღნიშნეს. პალესტინელებმა სიფრთხილით გამოთქვეს იმედი, რომ ისრაელი ომს დაასრულებს.

დღეს, 9 ოქტომბერს ისრაელის მინისტრთა კაბინეტში კენჭისყრა შედგება. თუ ისრაელი დათანხმდება, მას 24 საათი ექნება ჯარების ღაზიდან გასაყვანად. ეს გახსნის 72-საათიან ფანჯარას, რომელშიც „ჰამასმა” ისრაელელი ტყვეები უნდა გაათავისუფლოს.

აშშ ელოდება, რომ 20-მდე ტყვე ორშაბათს გათავისუფლდება. თუმცა, „ჰამასმა“ შეიძლება ზოგიერთი მათგანი უფრო ადრეც გაათავისუფლოს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების დროისთვის შეიძლება ჩავიდეს ახლო აღმოსავლეთში.