გამოძიებამ უნდა დაადგინოს - პაატა სალია გლდანის ციხის დირექტორის გარდაცვალებასა და ბაჩიაშვილის საქმის შესაძლო კავშირზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია „ფორმულას“ კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის გარდაცვალება გიორგი ბაჩიაშვილის ამბავს უკავშირდებოდეს, პასუხობს, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მისი განცხადებით, „ამის ასე დაკავშირება სპეკულაცია იქნება“.

 „პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ იმის გამო რაც მოხდა, მართლაც შემზარავი ფაქტი იყო, წარმოუდგენელი ჩემთვის, იმიტომ რომ ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა…
მე ვერ გეტყვით ახლა. ამის ასე დაკავშირება სპეკულაცია იქნება, მგონია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად ჰქონდა ამას კავშირი იმ კონკრეტულ ეპიზოდთან, როდესაც ვთქვათ პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და შემდგომ ამას სწორედ ჩვენი გამოძიების ფარგლებში და დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოჰყვა ის, რომ რამდენიმე პირმა თავისი განცხადებით დატოვა სისტემა“, – ამბობს სალია.

8 ოქტომბერს გლდანის ციხის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. „ინტერპრესნიუსის” ცნობით, არსებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში ნახეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.


„თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა“, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ მას 8 ივლისს გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი დაემუქრა, 11 ივლისს კი სხვა მსჯავრდადებული მის საკანში შევიდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

21 აგვისტოს პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „შესაძლოა, კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ”.

უწყების განცხადებით, „დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს“.