შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს, 4 მიმალვაშია. უწყება ამბობს, რომ ჯამში დაკავებულია 44 ადამიანი.
შსს განცხადებაში წერს დაკავებულების ინიციალებს: ზ.ა., ა. დ., ი. ჩ., ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ და ი.დ.
აქტივისტების ცნობით, დაკავებულებს შორისა არიან: ირაკლი ჩხვირკია, ამირან დოლიშვილი, რამაზ მამულაძე. გარდა ამისა, დაკავებულია ექიმი, პედიატრი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი. ის პოლიციამ თბილისში საკუთარი ბინიდან წაიყვანა.
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად – შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები“, – აცხადებს შსს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – ამბობს შსს.