4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი. მანამდე პოლიცია შესული იყო თბილისში, მის ბინაში. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად მივიდნენ აქტივისტები.
გიორგი ჩახუნაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ის პოლიციამ წაიყვანა. ჩახუნაშვილი არის ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
მისი დაკავებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 8 პირი დააკავეს. ჯამში ამ საქმეზე 44 ადამიანია დაკავებული.
სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული 6 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ კიდევ 13 პირს, რომლებსაც ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინათ, სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.