საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის გიორგი ქემოკლიძის დაკავებას ეხმაურება.
უწყება იმეორებს სუსის გუშინდელ განცხადებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საკანში ცემის ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად სწორედ იუსტიციის სამინისტროში დაიწყო, შემდეგ კი, გარემოებებიდან გამომდინარე, სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა გადაიბარა.
იუსტიციის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ „ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თანხვედრაშია იმ ვერსიასთან, რომელზეც საუბარი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში გ. ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, რომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მოსამსახურის რეპუტაციას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.
იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას გამოძიებასთან“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.
9 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავეს პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე.
წინა დღეს, 8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
ორივე მათგანის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ გოგობერიშვილმა და ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს გიორგი ბაჩიაშვილის საქმიდან გამომდინარე.
14 ივნისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 8 ივლისს გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი დაემუქრა – ბიძინა ივანიშვილისთვის კრიპტოსაფულის გასაღებების გადაცემა „ურჩია“, 11 ივლისს კი სხვა მსჯავრდადებული მის საკანში შევიდა და ფიზიკურად გაუსწორდა.
21 აგვისტოსვე პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „შესაძლოა, კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ”.
იგივე ვერსია გაიმეორა 9 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.