„არ მოვემსახურებით რუსეთის მოქალაქეებს, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ… თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას საერთოდ არ გვაინტერესებს”, – „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორი, გიორგი ფუტკარაძე სახალხო დამცველის წერილს საჯაროდ პასუხობს.
რა ხდება?
25 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატმა „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორს, გიორგი ფუტკარაძეს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ აპარატს განცხადებით ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩმა მიმართა.
სახალხი დამცველის წერილიდან ირკვევა, რომ ამ პირმა მომსახურების მისაღებად მიმართა „რეფორმერ ფიტნესს“, ადმინისტრატორმა კი მას ხელმოსაწერად დოკუმენტი გადასცა, რომელშიც მითითებული იყო ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩმა დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რის გამოც მომსახურების მიღება ვერ შეძლო.
ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკური შეხედულების ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლია.
ამავე წერილით ირკვევა, რომ საკითხის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველმა დაწესებულებას დოკუმენტაციის გაგზავნა და დადგენილი პრაქტიკის შესახებ განმარტება მოსთხოვა.
სახალხო დამხველის ამ წერილს საჯარო განცხადებით უპასუხა „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორმა, რომელსაც უცვლელეად გთავაზობთ:
„ვინაიდან და რადგანაც კანონის ენით „საქართველოს სახალხო დამცველი” გქვიათ გადავწყვიტეთ, თქვენს #25/7686 წერილზე პასუხი გაცნობოთ სახალხოდ და არა შეტყობინებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შეგიძლიათ აცნობოთ საჩივრის ავტორსაც….
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ.
შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ბმულების საშუალებით ჩვენს სოც. პლატფორმებზე.
დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ ასევე არ ვემსახურებით საქართველოს საპოლიციო სისტემის თანამშრომლებს და აღნიშნულის მიზეზი და საჯარო განცხადებაც შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ბმულების საშუალებით.
არ არსებობს კანონი და ძალა, რომელიც გვაიძულებს მოვემსახუროთ ჩვენთვის არასასურველ სტუმრებს, ან არ მოვემსახუროთ ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებს (როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით).
თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას საერთოდ არ გვაინტერესებს.
როგორც ჩანს, თქვენ მიერ დადგენილი ვადაც შემომგვერღვა, მაგრამ ესეც არ გვაინტერებს.
გირჩევთ, ასე ოპერატიულად და მონდომებით დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები სისტემის წინაშე”, – წერს ის საჯარო განცხადებაში.
რა წერია ხელმოსაწერ ფურცელზე?
„მე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე —- ვიმყოფები რა საქართველოს ტერიტორიაზე, გამოვხატავ ჩემს პატივისცემას საქართველოს, ქართველ ხალხისა და მათი თავისუფლების მიმართ, ვაფასებ მათ სტუმართმოყვარეობას. ვუჭერ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამას ვადასტურებ ხელმოწერით”.