ირაკლი კობახიძე ბელარუსის ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.

„ოცნების” მთავრობის პრესრელიზის თანახმად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს.

რელიზში ასევე ნათქვამია, რომ ბელორუსის ელჩმა კობახიძეს „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა”.

„ქართული ოცნების” მთავრობის თანახმად, ირაკლი კობახიძემ „ელჩს  მადლობა გადაუხადა ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა“.

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო 2022 წლის 28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და განაცხადა, რომ „აფხაზეთის პრობლემები განიხილა „უფროს ძმასთან“, ვლადიმერ პუტინთან”.