„ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.
ცვლილებები შედის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში.
ვის შეიძლება აეკრძალოს პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება?
კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენს შეეძლება, მოითხოვოს, რომ პირს, რომელიც დაკავშირებულია ისეთ პარტიასთან, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, აეკრძალოს:
- პარტიის დაფუძნება,
- პოლიტიკური პარტიის წევრობა,
- პარტიის აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელობა/წევრობა,
- სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობის და
- კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება
თუ საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო სარჩელს დააკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში ასეთ პირს პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აეკრძალება.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, თუ ამ პარტიის წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას;
თუ დასტურდება, რომ პარტიის დამფუძნებელი ან წევრია ისეთი პირი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა;
ასევე, ასეთი პირისგან შემოწირულობის მიღებაც დაუშვებელი იქნება.
სისხლის სამართლის კოდექსი
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, ჯარიმა დაეკისრება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს ან ხელს შეუშლის საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესრულებას, რომლითაც პირს პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
საარჩევნო კოდექსი
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, დაუშვებელი იქნება საპარლამენტო სიებსა თუ თვითმმართველობის არჩევნების პარტიულ და მაჟორიტარულ სიებში ისეთი პირის შეყვანა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება.
პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდება თუ მის სიაში შეყვანილია ის პირი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება.
ანალოგიურად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, თუ სიაში შეყვანილია ის პირი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება.
ანალოგიური აკრძალვა იმოქმედებს მერობის კანდიდატების რეგისტრაციისას.
კანონპროექტი ბიუროზე დღეს, 13 ოქტომბერს, დარეგისტრირდა. პლენარული სხდომები 15 და 16 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 23) განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია:
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
- ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
- ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
- ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას,
- აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის საქმიანობა ზემოთხსენებულ კონსტიტუციის 23-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
„ქართულმა ოცნებამ“ 13 მაისს მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც კანონის ამ მუხლს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).