ადვოკატი მარიამ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ როცა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ევა შაშიაშვილს საპატიმროში შეხვდა, მას „ეცვა რამდენიმე ზომით დიდი შარვალი, რამდენიმე ზომით დიდი ქურთუკი, ქამრის ნაცვლად იყენებდა ერთჯერადი ცელოფნის ერთმანეთზე გადაბმულ პარკებს, ხოლო ფეხზე ეცვა დაგლეჯილი ფეხსაცმელი, საიდანაც თითები უჩანდა”.
ადვოკატმა „პუბლიკას” უთხრა, რომ ის ტანსაცმელი, რაც შაშიაშვილს დაკავების დროს ეცვა, გარეცხა, ხოლო ზემოაღწერილი ტანსაცმელი მას პენიტენციურმა სამსახურმა მისცა.
შეხვედრისას ევა შაშიაშვილმა ასევე უთხრა, რომ არ ეძლეოდა დაბანის საშუალება და მანამ, სანამ პენიტენციური ტანსაცმელს მიაწოდებდა, პლედი ჰქონდა შემოხვეული.
ევა შაშიაშვილის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატ მარიამ ხაჭაპურიძეზე დაყრდნობით შაშიაშვილის მეგობრებმა გუშინ, 13 ოქტომბერს „ფეისბუქით” გაავრცელეს. მათი პოსტები გამოაქვეყნა ზოგიერთმა მედიამ.
ამ ინფორმაციას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს „ცრუ” უწოდა და თქვა, რომ „ბრალდებული ევა შაშიაშვილი N5 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით, ხოლო ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში დაწესებულება მას დამატებით უზრუნველყოფს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით”.
განცხადებაში ნათქამია:
„ბრალდებულ ევა შაშიაშვილის საცხოვრებელ საკანში არის ინდივიდუალური საშხაპე, მას, მისი სურვილის შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავად მიიღოს შხაპი, ბრალდებულზე მიმდინარეობს 24-საათიანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ აქვს ქამრით სარგებლობის უფლება, ხოლო პოლიეთილენის პარკი, რომელზეც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, ევა შაშიაშვილს საკანში საერთოდ არ აქვს.
ბრალდებულს ტანსაცმლის ან/და ფეხსაცმლის მიწოდების მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, ასევე დაწესებულების მხრიდან არ ყოფილა საჭიროდ მიჩნეული მისთვის დამატებით ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეთავაზება, ბრალდებული უფლებამოსილია ამანათის სახით შეუფერხებლად მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული, მისთვის სასურველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი”.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ასევე ამბობს, რომ ბრალდებული ევა შაშიაშვილის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მეთვალყურეობის შედეგად არსებული ჩანაწერის დაარქივებასა და გასაჯაროებას.
სწორედ ამ მოთხოვნის დაყენებას გეგმავს ადვოკატი მარიამ ხაჭაპურიძე მას შემდეგ, რაც ევა შაშიაშვილთან კონსულტაციას გაივლის.
„ჩვენ ხვალ მოვითხოვთ, რომ ადვოკატთან შეხვედრის კადრები გაასაჯაროონ, როგორ იწევს ტანსაცმელს და როგორ მაჩვენებს, რა აცვია და როგორ მაჩვენებს ფეხსაცმელს და თითები როგორ უჩანს იქიდან.
შეხვედრა შედგა 13 ოქტომბერს 5-იდან 6 საათამდე. გაასაჯაროონ და იქ გამოჩნდება, დაცვის მხარეა მართალი თუ პენიტენციური. დაინახონ, რა მდგომარეობაში იყო ქალბატონი ევა”. -უთხრა „პუბლიკას” ადვოკატმა მარიამ ხაჭაპურიძემ.
ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა 8 ოქტომბერს შეუფარდა.
შაშიაშვილს 24 წლის შშმ ქალიშვილი ჰყავს.
როგორც ადვოკატი ამბობს, მასზე ახლა ევას ძმა ზრუნავს, თუმცა, კაცს საქართველოდან წასვლა ხშირად უწევს, სამსახურის გამო.
„თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მისი დაბანა და ჰიგიენური ნორმების მოწესრიგება შეუძლია მხოლოდ ქალბატონ ევას”. – ამბობს მარიამ ხაჭაპურიძე.
მისივე თქმით, ევა შაშიაშვილმა, რომელიც ამავე დროს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ითხოვა როგორც მისთვის, ისე მისი შვილისთვის თბილი ტანსაცმლის მიწოდება.