კრემლის პრეს-სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი არ გეგმავს, საქართველოსთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს.
„ჩვენ არ შევასრულებთ ამ გადაწყვეტილებას“, – თქვა კრემლის პრეს-სპიკერმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიერ დღევანდელი, 2025 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 253 მილიონ ევროზე მეტი 2008 წლის ომის შემდეგ სასაზღვრო ზოლების გამკაცრების გამო ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს ე.წ ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29 ათასზე მეტი ადამიანისთვის კომპენსაციის გადახდას.
კითხვაზე, ჰიპოთეტურად, შეუწყობს თუ არა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების დათბობას აღნიშნული კომპენსაციის გადახდა, პესკოვმა უპასუხა, რომ „ეს ცალკე საკითხია”
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს გადახდა 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული 1 500 ადამიანის ზიანის ასანაზღაურებლად.
2021 წლის პირველ იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”.
სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს სარჩელის დიდი ნაწილი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.
მაშინ სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ანუ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ განვითარებული მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
რუსეთს არც ერთ ამ საქმეზე არც ერთი კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია.