თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით დაკავებული 14 პირის პროცესი გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაწილს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“, ნაწილს კი აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდა.
14 დაკავებულიდან 9-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ესენი არიან:
- აქტივისტი ლარა ნაჭყებია – 4 დღე (სახის ნიღბით დაფარვა);
- აქტივისტი ნინო სვანიძე – 5 დღე (გზის გადაკეტვა);
- ფერმწერი ლევან მარგიანი – 6 დღე (გზის გადაკეტვა);
- აქტივისტი გიორგი ყიასაშვილი – 6 დღე (გზის გადაკეტვა);
- ჟურნალისტი ვახო სანაია – 6 დღე (გზის გადაკეტვა);
- აქტივისტი დავით გოგიჩაიშვილი – 6 დღე (სახის ნიღბით დაფარვა);
- აქტივისტი საბა ხომერიკი – 8 დღე (გზის გადაკეტვა);
- აქტივისტი ლევან ჯობავა – 14 დღე (გზის გადაკეტვა);
- ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ დამფუძნებელი შალვა ჩუბინიძე – 14 დღე (გზის გადაკეტვა).
ამავდროულად, სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თორნიკე თხილავა, ასევე გელა გამყრელიძე. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახტანგ მაჭავარიანის საქმე კი ცალკე წარმოებად გამოიყო. მან პროცესზე განაცხადა რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. მოსამართლემ მას უთხრა, რომ შემდეგ პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ასევე ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლდა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილიც. მისი სასამართლო პროცესი გადაიდო და 24 ოქტომბერს გაიმართება. ლაშა ჩხარტიშვილმა დაკავებამდე განაცხადა, რომ დღეს მისი დედის ორმოცია და სასაფლაოზე მიდიოდა.
მოსამართლემ ადმინისტრაციული დაკავებიდან გაათავისუფლა აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მამუკა კუპრეიშვილი. მისი სხდომა გადაიდო ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შსს-ს განცხადებით, აგრეთვე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.
უწყების ცნობით, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ნაწილის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.
შსს-ში ამბობენ, რომ „მიუხედავად პოლიციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, აქციის მონაწილეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს”.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 16 ოქტომბერს საბოლოოდ მიიღო სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლითაც დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის ფორმები ეზღუდებათ.
ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:
- სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
- თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
- მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
- ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:
- ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
- თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
- სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
- იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.