საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები ეხმაურებიან „უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას” და მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არცერთ ეტაპზე არ უნდა იქნას მიღებული უნივერსიტეტების გარეშე.
„საუნივერსიტეტო რეფორმა არ არის პოლიტიკის რიგითი საკითხი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენ გამოვიარეთ არაერთი ნაჩქარევი და ცუდად დაგეგმილი რეფორმა.
ამიტომ, აღარ გვაქვს ისეთი შეცდომების დაშვების უფლება, რომლებსაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვება ჩვენი მომავალი თაობებისთვის. წარმოდგენილი კონცეფცია წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, რადგან არღვევს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტების ავტონომომიურობის პრინციპებს (მუხლი 27/3), ეწინააღმდეგება საქართველოში უმაღლესი განათლების კანონით გაცხადებულ მიზნებს (მუხლი 3), ზღუდავს განათლების ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას, არ არის თავსებადი უნივერსიტეტების დიდ ქარტიასთან და ბოლონიის პროცესთან – საფრთხეს უქმნის ქართული აკადემიურ სივრცის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციასა და მონაწილეობას.
წარმოდგენილი კონცეფცია, აგრეთვე, ვერ აკმაყოფილებს საჯარო პოლიტიკის ფორმირების მინიმალურ მოთხოვნებს:
საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი მტკიცებულებები, კვლევები და ანალიზი, რომლებსაც ეს კონცეფცია ეყრდნობა.
არ არის გაანალიზებული შესაძლო შედეგები, პოტენციური საფრთხეები, დაფინანსების წყაროები. კონცეფცია შემუშავებულია გაუმჭვირვალედ.
არ არის ცნობილი პროცესში საუნივერსიტეტოს საზოგადოების წარმადგენლების – პროფესორებისა და სტუდენტების, განათლების ექსპერტების მონაწილეობის დეტალები.
კონცეფციაში უალტერნატივოდ არის წარმოდგენილი გამოწვევების გადაწყვეტის გზები. პოლიტიკური კრიზისისა და საზოგადოების პოლარიზაციის პირობებში, დახურულ კარს მიღმა შექმნილი დოკუმენტი ზღუდავს ქმედითი და კონსტრუქციული დისკუსიის შესაძლებლობებს.
იგი არ ემსახურება უნივერსიტეტის განვითარებას და აკადემიური სივრცის შეზღუდვის, იზოლაციისა და დასუსტების პოლიტიკური ინსტრუმენტია. მოვუწოდებთ აკადემიურ საზოგადოებას, ამ კრიტიკულ მომენტში ერთობლივად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე – გავხადოთ დისკუსია ღია და საჯარო მთელი საუნივერსიტეტო სივრცისთვის.
უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური კონტროლის ობიექტი. უნივერსიტეტების გარეშე უნივერსიტეტებზე გადაწყვეტილება არ მიიღება“.
„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა.
მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, რომ ერთსა და იმავე ქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების დუბლირება არ მოხდეს.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება” აპირებს, „საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას“.
ამავე დროს, „ქართული ოცნება” აპირებს, სკოლაში 12-წლიანი სწავლება 11-წლიანი გახადოს.
ამასთან ერთად, ირაკლი კობახიძემ ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლების სიჭარბეზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ისინი „უმეტესად სხვა საქმეებით არიან დაკავებული და შეთავსებით მუშაობენ უნივერსიტეტებში. სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები“.