ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ბრალდებით დააკავეს 2 პირი – გ.ა. და ფ.დ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ ძირითადად, ტკბილეულის და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის „Raffaello”-ს და „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.
ასევე, ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ყავა „Jacobs Monarch”-ის და „Carte Noire“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული „Kinder Schokolade”, “Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც ხორციელდებოდა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, – აცხადებს უწყება.