საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროკურატურას 4 ოქტომბრის საქმეზე მისი დაკითხვა სურს.
ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის „პროკურატურა” ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე. ძალიან უნდათ 4 ოქტომბერი რაღაცნაირად მომაბან.
ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზატორობა, მაგრამ სამწუხაროდ სრულ იზოლაციაში მამყოფებენ და ვერ გამომდის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობა.
მიმაჩნია, რომ 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზებაში და წარმართვაში რომ ვყოფილიყავი ჩართული, სულ სხვა შედეგზე შევძლებდით გასვლას.
ყველანი ვხვდებით, რომ სამართლებრივი პროცესი ქოცების პირობებში არასდროს იქნება და ყველაფერი ერთი ბოროტი კარაბას-ბარაბასის თეატრია. ჩემი პოზიციაა, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ბევრად მეტად გავამძაფროთ.
საქართველო აუცილებლად დაამარცხებს დიქტატურას!“, – დაწერა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა.
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე პროკურატურამ 46 ადამიანს წარუდგინა ბრალი.
6 დაკავებულს, პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. ბრალდებულთა ნაწილს ბრალდება წარდგენილი აქვთ სახელმწიფო დამხობისკენ საჯარო მოწოდების მუხლითაც.
დაკავებულების ნაწილს ბრალი აქვს წარდგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით. მარიამ მეყანწიშვილს გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება.
4 ოქტომბერთან დაკავშირებით არიან ასევე დაკავებული ლევან ხაბეიშვილი და ზვიად კუპრავაც.
ხაბეიშვილს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირება და ასევე – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.
ზვიად კუპრავას კი ბრალად ედება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა.