შსს: ამოღებულია 250 კილოგრამი „ჰეროინი“ - დაკავებულია 2 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია 250 კილოგრამი „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს – დაკავებულია 2 პირი. ამის შესახებ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ  განაცხადა.

„პოლიციის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე დაკავებულია, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი საქართველოს  2 მოქალაქე.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო „სველი ხელსახოცებით“ საქართველოში, მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა.

სამართალდამცველებმა, ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, სველი ხელსახოცის პაკეტებში, ფარულად მოთავსებული 2 907 შეკვრად დაფასოებული 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, – თქვა დარახველიძემ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.